Wednesday, January 23, 2013

Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II

Mercedes-Benz 190E, მისი დებიუტი 1982წელს მოხდა, ავტომობილი მთელს მსოფლიოში უდიდესი ტირაჟით გაიყიდა. შესანიშნავი დიზაინი, მიმზიდველი ფასი და საკმაოდ კარგი ტექნიკური მახასიათებლები, ის პლიუსები იყო, რითაც ამ ავტომობილმა ფართო აღფრთოვანება დაიმსახურა და მყიდველთა გულები დაიპყრო. თუმცა ცოტამ თუ იცის, თუ რა მეომარი ხასიათი იმალება Mercedes-Benz 190E დასახელების მიღმა. ამ ავტომობილებს სხვათაგან გამოყოფდა, თუმცა ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობის მქონე ციფრი – 16.

ყველაფერი დაიწყო შორეულ 70 – იან წლებში. მაშინ როდესაც მერსედესის გუნდი რეგულარულად და საკმაოდ წარმატებით მონაწილეობდა რალიში. 190 მოდელის გამოჩენიდან შტუტგარტში გადაწყვიტეს მერსედესის სარბოლო ტრადიციების გაგრძელება, და გადაწყდა თანამშრომლობა იმ დროისთვის მსოფლიო ავტოსპორტის ერთ–ერთ ბობოლა კომპანიასთან, Cosworth–თან. ინგლისელები დაეხმარნენ გერმანელებს 2.3 ლიტრის მოცულობის 4 ცილინდრიანი ძრავის ნამდვილ მონსტრად გადაქცევაში, საუკეთესო შემთხვევაში ამ ძრავიდან 320 ცხენის ძალის რესურსი იქნა ამოღებული. Cosworth 2.3 16 ძრავი 1983 წელს იქნა პრეზენტირებული, მისი მონაცემები ძალზედ შთამბეჭდავი იყო, და იმ დროინდელ ბევრ ე.წ. ‘’სპორტქარსაც’’ კი თავზარს სცემდა.


მართალია იმ დროისთვის რალიში მერსედესს არანაირი შანსები არ გააჩნდა 4 X4–ზე, ტურბირებული აუდი Quattro–ის წინააღმდეგ, თუმცა შვაბები არ დანებდნენ და საკუთარი ინტერესი გერმანულ DTM–ის ჩემპიონატზე გადაიტანეს რომლის რეგლამენტის მიხედვითაც ნებისმიერ მონაწილე მანქანას უნდა ჰყოლოდა მისი ე.წ. ‘’სამოქალაქო’’ ვარიანტიც სარბოლოს გარდა.

სერიული მერსედეს 190Е 2.3–16 დებიუტი 1983 წელს სექტემბერში ფრანქპურტში მოხდა. Cosworth ასევე მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა 190–ის სამოქალაქო ვერსიის ძრავის მიმართაც. შედეგი – ახალი ბლოკის თავაკი (გალოვკა), რომელიც დამზადებული იყო Cosworth–ის ქარხანაში, დიდ ბრიტანეთში. ძრავი საკმაოდ კარგი გამოდგა, იგი იძლეოდა 185 ცხენის ძალას და ავითარებდა 245 მბრუნავ მომენტს. ეს კი 190–ს შესაძლებლობას აძლევდა 100კმ /საათში სიჩქარე 7.5 წამში განევითარებინა და მაქსიმალური სიჩქარე კი 230 კმ/საათს აჭარბებდა.

თუმცა Cosworth–ის ხელი არა მარტო ძრავებს დაეტყო. შეიცვალა საჭის მექანიზმი, მანქანის მართვა უფრო ‘’ბასრი’’ გახდა, საწვავის ავზის მოცულობა 55 იდან 70 ლიტრამდე გაიზარდა, ასევე მანქანის საბაზო აღჭურვილობაში შევიდა გაუმჯობესებული დიფერენციალი. გამოჩნდა ე.წ. SLS (Self-Leveling Suspension)– სისტემა, რომელიც ერთ დონეზე ინარჩუნებდა მაქნანის თვლების საგზაო ხედს, და წინა დაკიდების სისტემა კი მთლიანად სპორტული გახდა, აღიჭურვა სპორტული, ხისტი ამორტიზატორებით. რაც შეეხება ავტომობილის ინტერიერს, თვალშისაცემია კომპანია Recaro–ს სავარძლები წინ და უკან. და სამი დამატებითი კონსოლი.

საინტერესოა, რომ 190 2.3 –16–ის გადაცემათა კოლოფი მთლიანად წარმოადგენს უმაღლესი დონის მექანიკური გადაცემათა კოლოფის Getrag–ის ზუსტ ასლს, მთლიანად შეიცვალა სიჩქარეთა გადართვის სტანდარტი, რამაც შექმნა სიჩქარეთა ცვლის უკეთესი შესაძლებლობა, ამ კოლოფმა მთლიანად სრულყოფილი სახე 3 წლის შემდეგ მიიღო.

1983 წელს 190 2.3-16 – მა დაამყარა მსოფლიო რეკორდი გამძლეობაში, სპეციალურად მომზადებულმა ავტომობილმა გაიარა 50 000კილომეტრი, ისე რომ მისი საშუალო სიჩქარე 247.88 კმ/საათში იყო, რაც დღესაც უაღრესად შთამბეჭდავი შედეგია.

ყოველივე ამ უდიდესი შრომისა და მონდომების შედეგი იყო მსოფლიო სიჩქარის 12 რეკორდი, გამძლეობის ტესტზე. ასევე 1984 წელს გერმანული ‘’ნიურბურგრინგის’’ გახსნაზე გერმანელებმა პირველი რეისი მხოლოდ Mercedes-Benz 190E 2.3–16–ით შეასრულეს, რაც უთუოდ ამ ავტომობილის უდიდეს დაფასებაზე და აღიარებაზე მიუთითებს.

თუმცა შვაბები Mercedes-Benz 190E 2.3–16–ზე არ გაჩერებულან, უმთავრესი ამის მიზეზი კი BMW გახდა. 190 ის განვითარების შემდეგ ეტაპად იქცა Mercedes-Benz 2.5–16, რომელმაც 2.3 1988 წელს შეცვალა. ძრავის მოცულობის გადიდებას, მისი სიმძლავრის ზრდაც მოჰყვა, და იგი 195ცხენამდე გაიზარდა. მაქსიმალური სიჩქარე კი 235 კმ/საათს აჭარბებდა. ასევე ამ მოდელში შემოთავაზებული იქნა ტექნიკური ინოვაციებიც, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ASD ტიპის სრულყოფილი დიფერენციალი. ასევე დამონტაჟდა ბლოკირებული ხიდი, რაც ძრავის პოტენციალის უკეთ გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა, დღეს ეს უკვე გასაოცარი არ არის, თუმცა 20 წლის წინ ???

1988 წელს მერსედესის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა DTM–ში მონაწილეობა, სადაც მას მოუწია BMW M3 Evolution–თან სისხლისმღვრელი ბრძოლა. 1989 წელს ჟენევის ავტოსალონში მერსედესმა Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution I– ის სამოქალაქო ვერსიაც წარმოადგინა.

190-ის პირველი ევოლუციის ძრავმა მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განიცადა, ინჟინრებმა მხოლოდ შეამცირეს მისი მასა და სრულყვეს ზეთის მიწოდების სისტემა ძრავში. კონსტრუქტორებმა საკმაოდ სერიოზულად იმუშავეს სავალ ნაწილზე, დაყენდა კიდევ უფრო მძლავრი სამუხრუჭე სისტემა და წინა სავალი დაკიდებაც ასევე სისტემა SLS–ით აღიჭურვა. მძღოლს სალონიდან შეეძლო კლირენსის რეგულირება.

სულ გამოშვებული იქნა Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution I–ის 502 ეგზემპლარი. ხოლო მათთვის ვისაც კიდევ უფრო მეტი სურდა ამ ავტომობილისაგან AMG–ის მიერ შეთავაზებული იქნა სპეციალური PowerPack–ი.
190 ის პირველი ევოლუცია უკანასკნელი არ ყოფილა, გავიდა კიდევ ერთი წელი და გერმანელებმა ჟენევაში წარადგინეს Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II, რომელიც 190 სერიის საბოლოო მწვერვალი გახდა. მეორე ევოლუციის საბაზო აღჭურვილობაში უკვე შედიოდა AMG PowerPack–ი, 235 ცხენის ძალითა და 245 მბრუნავი მომენტით, რაც 1300 კილოგრამის მქონე ავტომობილს საშუალებას აძლევდა 7.1 წამში განევითარებინა 100კმ/საათში. მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კილომეტრს აღწევდა.

190-ის მეორე ევოლუციის საფირმო ნიშნები გახდა პროფესორი Richard Eppler–ის მიერ შექმნილი სპორტული ექსტერიერი (პაკეტი), წინა, გვერდითი და უკანა ბამპერებით. ასევე საბარგულზე დამონტაჟებული ულამაზესი ე.წ. ‘’სპოილერი’’ და 17 დიუმიანი დისკები.

Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II–ის სამოქალაქო ვერსიაც მისი სარბოლო ანალოგის მსგავსად იგივე ოფციებით იყო აღჭურვილი, დამატბული იყო მხოლოდ კონდინციონერი. იმ დროისთვის ავტომობილის ფასი 115.260 გერმანული მარკა იყო. კონდინციონერით აღჭურვილი მოდელები კი 4.5 ათასი მარკით მეტი ღირდა. სამოქალაქო მანქანების ტირაჟიც 502 ავტომანქანას ითვლიდა.

Mercedes-Benz 190E 2.5–16 Evolution II–ი დღესაც ლეგენდარულ ავტომობილად ითვლება, და მისი კარგ მდგომარეობაში მყოფი ეგზემპლარის შეძენა, ძალიან ძნელია, იგი ფაქტიურად საკოლექციო მოდელია.

სტატია მოამზადა და თარგმნა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge–სათვის.

No comments:

Post a Comment