Wednesday, January 23, 2013

Mercedes-Benz 300 SL Gullwing - ე.წ. ''თოლიის ფრთები''

Mercedes-Benz 300 SL Gullwing Coupe –აღნიშნული ავტომობილის ქარხნული დასახელება Mercedes-Benz 300SL W198 – ია, თუმცა მისი სახასიათო კარებების გამო მას Gullwing–შეარქვეს, რაც სიტყვა–სიტყვით, რომ გადავთარგმნოთ ‘’თოლიის ფრთებს’’ ნიშნავს.

50–იან წლებში 300SL , გერმანელებისთვის გახდა არა მხოლოდ Mercedes-Benz–ის ახალი მოდელი, არამედ იყო ერთგვარი სიმბოლო ქვეყნის აღზევებისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნაწილებად იყო დაშლილი.


მხოლოდ 50-იანების დასაწყისში აღნიშნული ავტომობილის სერიაში გამოჩნდნენ 220S და 300S. ხოლო 1952 წელს შტუტგარტში შეიქმნა იმ დროის ერთ–ერთი საუკეთესო სპორტული ავტომობილი Mercedes-Benz 300SL W194, რომელიც აგებული იყო სერიული 300 S – ის აგრეგატზე., თუმცა როგორც დრომ აჩვენა მანქანა სრულიად სახასიათო და ინდივიდუალური აღმოჩნდა. ძალიან მყარი კუზაო, ალუმინის დეტალებით , ფორსირებული 6 ცილინდრიანი ძრავი პირდაპირი შესხურების სისტემით – ყველაფერი ამ ავტომობილში სრულყოფილი სახით იქნა ჩადებული. ავტომობილის მასა სულ რაღაც 1 ტონა იყო, ხოლო ძრავის სიმძლავრე კი 175 ცხენის ძალას შეადგენდა, თუმცა შემდგომში ავტომობილი აღიჭურვა ძრავით, რომეზედ გამოყენებული იქნა, კომპანია Bosch–ის ინჟექტორების სისტემა და სიმძლავრე 215 ცხენის ძალამდე გაიზარდა.

1952 წელს 300SL, ბრწყინვალედ გამოდიოდა ისეთ სპორტულ შეჯიბრებში, როგორიცაა Le Mans, Nurburgring, Eifelrennen და Carrera Panamericana – ის სერიები.

1952 წელს ლეგენდარულმა სამასმა მონაწილეობა მიიღო იტალიურ Mille Miglia–ში, სადაც კლინგმა დაიკავა მეორე ადგილი, ხოლო კარაჩოლომ კი მეოთხე, რამაც მოწინააღმდეგე გუნდებში შიშის ბზარი გააჩინა. ხოლო Le Mans –ში და Carrera Panamericana სერიებში გამარჯვებამ კი ეს შიში საბოლოოდ გაამყარა, მერსედესი ყველასათვის ანგარიშგასაწევ ძალად გადაიქცა. ავტომობილმა 1956 წელს კიდევ მრავალ ჩემპიონატში გაიმარჯვა.

ლეგენდის დასაწყისი

თავდაპირველად 300SL – ის სერიული წარმოება არ იგეგმებოდა, თუმცა Daimler-Benz–ის დირექტორებს მოსაზრება ამერიკელმა იმპორტიორმა მაქს ჰოფმანმა შეაცვლევინა, რომელმაც დაარწმუნა Daimler-Benz–ის ბოსები, ავტომობილის საგზაო ვერსიის გამოშვებაში და დადო პირობა რომ მაშინვე გააკეთებდა 1000 ავტომობილის შეკვეთას. აღნიშნული საკითხის განხილვა საკმაოდ გრძელვადიანი აღმოჩნდა და საბოლოოდ გადაწყდა 300SL–ის სერიული წარმოება, მას ინდექსის სახით მიენიჭა W198 დასახელება.

1953 წელს ავტომობილი წარდგენილ იქნა ნიუ–იორკში, სადაც პუბლიკა საკმაოდ აღფრთოვანებული დარჩა. ხოლო ავტომობილების წარმოება დაიწყო 1954 წელს ზინდელფინგენში.

გემანული ავტომობილი ძალიან ეფექტურად და იმ დროისათვის ინოვაციურად გამოიყურებოდა, მაღლა გახსნადი კარებების მეშვეობით. კარების გაღების შემდეგ ავტომობილი უმალვე ემსგავსებოდა ასაფრენად მომზადებულ თოლიას, სწორედ ამიტომაც შეარქვეს მას ჟურნალისტებმა ზედმეტსახელად Gullwing, ''თოლიის ფრთები'' – ეს დეტალი გახდა კიდეც ავტომობილის სავიზიტო ბარათი.

საიდან დაიბადა ‘’ფრთების’’ იდეა !?

ჯერ კიდევ სპორტული 300SL–ის შექმნისას ინჟინრებმა აირჩიეს მილისებრი კარკასი, სადაც ჩვეულებრივი კარებისათვის ადგილი აღარ რჩებოდა. სწორედ ამიტომაც ჩვეულებრივი კარებების მექანიზმი შეიცვალა და ავტომობილზე დამონტაჟდა კარებები ზედა გაღების სისტემით. ასევე აღსანიშნავია სახელურების თავისებური სტილი, რაც კიდევ უფრო ლამაზ იერს სძენს ავტომობილს.

როგორც უკვე ვთქვით მანქანის სარბოლო ვერსია, მთლიანად ალუმინისაგან იყო დამზადებული, განსხვავებით სერიული მოდელებისაგან, რომლებიც მაღალხარისხიანი რკინის ფირფიტებით მზადდებოდა. მხოლოდ საბარგული, კაპოტი და კარებები იყო აქ ალუმინის.

ავტომობილის მილისებრი კარკასი იწონიდა 80 კილოგრამს, ხოლო მთლიანად ავტომობილის სერიული მოდელის წონა კი იყო 1295 კილოგრამი.

თავიდან დაიგეგმა 300SL–ის მხოლოდ კუპის სახით გამოშვება, თუმცა შემდგომში, კუპე ე.წ. ‘’როდსტერად’’ გადაიქცა. ავტომობილის წინა ნაწილი დაგრძელდა, შეიცვალა რადიატორის ცხაური და წინა ფარების განლაგება. ასევე შეიცვალა კარებების სისტემაც.

ინოვაციური ძრავი

300SL – იყო ოთხტაქტიანი ძრავის მქონე მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილია, რომელიც აღიჭურვა პირდაპირი შესხურების სისტემის მქონე ძრავით. სწორედ ინჟექტორები იძლეოდა საშუალებას რომ ავტომობილს გამოემუშავებინა 215 ცხენის ძალა და განევითარებინა საათში 250 კილომეტრი. 0-იდან 100კმ/საათამდე ასწრაფებას ავტომობილი მხოლოდ 7 წამს ანდომებდა. სწორედ ასეთი მონაცემების გამო ითვლებოდა Mercedes-Benz 300SL – თავისი დროის ერთ–ერთ ყველაზე სწრაფ და მძლავრ ავტომობილად. შესხურების სისტემა პირველა ჯერ კიდევ 30-იან წლებში შეიქმნა გერმანული კომპანია Bosch–ის მიერ.

ავტომობილის რამა და სამუხრუჭე სისტემა გადმოღებული იყო 300S – სედანიდან, თუმცა მან რასაკვირველია სპორტული მოდიფიკაცია განიცადა. ყველა თვლის დაკიდება იყო დამოუკიდებელი, უკანა დაკიდებისათვის გამოყენებული იქნა სისტემა – ე.წ. მოძრავი ‘’პოლუოსებით’’. მერსედესი Mercedes-Benz 300SL–ს მყიდველს, სურვილისამებრ სთავაზობდა ტრანსმისიის რამოდენიმე ვარიანტს. თითოეული 300SL, რომესაც კომპანია უშვებდა იყო ინდივიდუალური, მისი ყიდვა ყველას სურდა, ავტომობილი ექსკლუზიურობის ეტალონად ჩამოყალიბდა. Mercedes-Benz 300SL–ის ღირებულება 29 000 გერმანული მარკა იყო, რაც იმ დროს 7500 ამერიკულ დოლარს შეადგენდა. მთლიანად მერსედესმა 1958 წლამდე გამოუშვა 1400 ცალი ავტომობილი, როგორც კუპე, ისე როდსტერი. 300SL წარმოებიდან მოხსნის შემდეგაც ლეგენდად დარჩა, და იგი დღესაც არის მრავალი ავტომოყვარულისათვის, ყველაზე სასურველი და საოცნებო ავტომობილი.

სტატია მოამზადა და თარგმნა დავით დოლიძემ სპეციალურად mercedesclub.ge– სათვის.

No comments:

Post a Comment